Thursday, May 24, 2012

ქართული ხალხური ცეკვები


ისტორია 


ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთისგათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმიუნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი დაილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

Wednesday, May 23, 2012

სუხიშვილები


ქართული ნაციონალური ბალეტი-ანსამბლი ”სუხიშვილები”, 1945 წელს ბრწყინვალე ქართველი ქორეოგრაფების ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. წლების მანძილზე ”ქართული ცეკვის გენია, როკვით განფენილი...” არაერთგზის გამხდარა სხვადასხვა ქვეყნის მკვიდრთა გულწრფელი აღფრთოვანებისა და ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტი. ანსამბლმა წარმატებული გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საბჭოთა კავშირის უძრაობის პარიოდშიც კი შესძლო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა და უცხოელი მაყურებლისთვის საუკეთესო კუთხით წარედგინა ეროვნული ფოლკლორი. 


დღეს- დღეობით ნაციონალური ბალეტის მომდევნო თაობა, ილიკო სუხიშვილი უმცროსისა და ნინო სუხიშვილის თაოსნობით არანაკლები წარმატებითა და პოპულარობით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც ეროვნულ ისე მსოფლიო ქორეოგრაფიულ ასპარეზზე. ამასთან, ”სუხიშვილების” საკონცერტო პროგრამა უფრო და უფრო მდიდრდება ახლებური ინტერპრეტაციებითა და შემოქმედებითი მიგნებებით, ამის პარალელურად მაღლდება და იხვეწება მოცეკვავეების პროფესიული დონე, უფრო და უფრო რთულდება და მოცულობითი ხდება საცეკვაო ილეთები და საერთო ქორეოგრაფიული ნახაზიც. აქ ყველაფერი აქტიურ მოქმედებაშია და ამასთანავე ერთმანეთისგან განუყოფელია. ცეკვების წარმოდგენისას განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვა ენიჭება განათებას, კოლორიტს, კოსტიუმების სტილსა და ფერს. ანსამბლის მხატვარი თავად ნინო სუხიშვილია და მის მიერ შექმნილი მეტად ორიგინალური, თვითმყობადი და ამავე დროს, აბსოლუტურად ქართულ ხასიათში გადაწყვეტილი კაბები თუ ჩოხები (ნაირფერი და ამავე დროს, დახვეწილი, არაერთგვაროვანი, სადა და მდიდარი ფანტაზიით ნაკარნახევი), ლეგენდარული სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის არანაკლებ ლეგენდარულ კოსტიუმებს არაფრით ჩამოუვარდება. 

თუმცა ანსამბლის ქორეოგრაფიული ქარგა უცვლელი დარჩა, ტრადიციულ "საცეკვაო" საკრავებს - დოლსა და გარმონს, ახალი ინსტრუმენტები დაემატა, რამაც ცეკვები განათების თავისებურ ვარიაციებთან ერთად ბუნებრივად გაამდიდრა. 
მუსიკალური გადაწყვეტის (ზოგიერთი თემა ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის, დანარჩენი, ორიგინალური თუ იმპროვიზებული ფოლკლორია) და მუსიკოსების პროფესიული დონე იმდენად მაღალია, რომ ქორეოგრაფიის თანასწორად აღიქმება. არც ისაა შემთხვევითი, რომ ”სუხიშვილების” ახალ ქორეოგრაფიულ პროგრამაში ჩართულია დამოუკიდებელი მუსიკალური ნომერი "გადი-გამოდი", რის შემდეგაც შემსრულებლები მოცეკვავეებზე არანაკლებ აპლოდისმენტებს იღებენ. სხვათა შორის, იგივე საფუძველზე დაყრდნობით, შეიქმნა "ასა ფართის" (არანაკლებ წარმატებული პროექტის) მუსიკალური ჩანაწერი კომპაქტ- დისკზე, რის შედეგადაც, ქართული ფოლკლორის "სუხიშვილებისეული", თანამედროვედ სახეცვლილი ვერსია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დამკვიდრდა. 

ნაციონალური ბალეტის შემოქმედებაში, ერთმანეთს ერწყმის სისადავე და სიმდიდრე, დახვეწილი გემოვნება და მაღალი პროფესიონალიზმი, გამორჩეული ნიჭიერება და არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა. გამომგონებლობასა და მხატვრული აზროვნების უნარს კი ვირტუოზული საშემსრულებლო მანერა, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის თვალწინ ერთიან, განუყოფელ და ჰარმონიული მთლიანობას ქმნის.

Tuesday, May 22, 2012

ერისიონი


 
 საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი `ერისიონი” 1885 წელს შეიქმნა. იმის გამო, რომ მან უკვე მესამე საუკუნეში შეაბიჯა, ანსამბლს მუზეუმსაც კი უწოდებენ. სხვადასხვა დროს ანსამბლში მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანები, ქართველი ერის საამაყო მამულიშვილები: ლადო აღნიაშვილი (ანსამბლის შექმნის ინიციატორი,), პოლიტიკოსი ნოე ჟორდანია, ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, ია კარგარეთელი, შალვა მშველიძე, სანდრო და ლადო კავსაძეები, ჯანო ბაგრატიონი, ნიკო ხურცია, ვანო მჭედლიშვილი, ბიჭიკო გველესიანი, ჰამლეტ გონაშვილი, დავით ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაშვილი, გივი კოჯორაშვილი და სხვა მრავალი.
  ანსამბლის დაბადებას, მის პირველ კონცერტებს 1886 წელს გაზეთ "ივერიაში" აღფრთოვანებული რეცენზიები უძღვნა ერის სულიერმა მამა ილია ჭავჭავაძემ.
  უცხოელი მსმენელი ქართულ ფოლკლორს პირველად სწორედ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მიერ წარდგენილი საკონცერტო პროგრამებით ეზიარა. რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართული კულტურის ექსპორტს, მის აღიარებას მსოფლიოში. ამასთან, მისი დაარსება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი ანსამბლების ჩამოყალიბების დასაბამი გახდა.
  სახელი “ერისიონი” (სულხან საბას განმარტებით ცის იერს, მთის წვერს ზევით ნიშნავს) ანსამბლს 1999 წელს დაერქვა. ერისიონისთვის განსაკუთრებულია ბოლო ხუთი წელი. უცხოელი პარტნიორების და ინვესტორების დახმარებით, ანსამბლმა საერთაშორისო ასპარეზზე ისევ გაიტანა თავისი შემოქმედება და ძველი დიდება დაიბრუნა. 2002 წელს პარიზში `ერისიონს” გადაეცა ოქროს დისკი. ერთდროულად 5000 -ზე მეტი აფიშა და სხვა სარეკლამო საშუალება იუწყებოდა ანსამბლის "ტრიუმფალურ დაბრუნებას" პარიზში. "ტორნადომ გაანგრია გალაქტიკაო." წერდა `ერისიონის” სპექტაკლზე გაზეთი `გალაქსი.” 
  2009 წლის 26, 27, 28, 29-იანვარი ის დღეებია, სადაც ეს ლეგენდალური ანსამბლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგება. ქართველი მაყურებლი ამ სიახლეს დიდი ინტერესით ელოდება. პროგრამაში შესულია ახალი სიმღერები, მათ შორის ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილი სიმღერა ,რომლისთვისაც მუსიკა `ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა დაწერა.
  საუნივერსიტეტო გაზეთი "Tsu Times" ულოცავს ანსამბლს კიდევ ერთ კონცერტს. გვსურს, რომ 2009 წელი შემოქმედებითად დატვირთული ყოფილიყოს თქვენთვის, რადგანაც ფასდაუდებელია საქმე, რომელსაც `ერისიონის” თანამედროვე დასი აკეთებს ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენისათვის. ცხადია, ამ რთულ გზაზე, ბევრია დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი, ბევრია ავისმოსურნე და ზოგჯერ დაუმსახურებელი კრიტიკაც, მაგრამ დღევანდელობაში, ბატონ ჯემალ ჭკუასელისა და ანსამბლის სხვა ხელმძღვანელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ შეუცვალეს სახე ქართულ ხალხურ სიმღერებს თუ ცეკვებს, მოიტანეს და წარმოაჩინეს ისე, როგორც ეს თანამედროვე საზოგადოებისათვის გახდებოდა მისაღები და საგულისხმო. ამიტომაც, ბევრი წარმატება და ბვევრი გამარჯვება გვსურს ვუსურვოთ `ერისიონს.” 
 პ.ს ავტორები ამდლობას ვუხდით `ერისიონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, ქალბატონ თამარ მიქელაძეს და ქალბატონ ნინო ბურჭულაძეს გამოჩენილი ყურადღებისათვის.  

Sunday, May 20, 2012

ბერმუხა

ქორეოგრაფიული ანსამბლი შეიქმნა 1998 წელს აგარაში. სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. ხელმძღვანელი ირაკლი მარკოიძეა, პროფესიით ქორეოგრაფი. რეპერტუარში აჭარული ცეკვებია. შესრულება- ტრადიციული.  ცეკვის მუსიკალური თანხლება საკრავებია: დოლ-გარმონი, ჭიბონი,ფანდური. 
            მთავარი მიზანი მშობლიური კუთხის საცეკვაო ფოლკლორის შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა. მონაწილეობდა    ფესტივალებსა და კონკურსებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.
 
             ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)

Monday, May 7, 2012

რუსთავი

რუსთავს" საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების მიერ. დაარსების შემდეგ ანსამბლი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: მონაწილეობს ფესტივალებში, იღებს და ახმოვანებს ტელე- და კინოფილმებს, აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ ამა თუ იმ კუთხის სასიმღერო ჟანრის სხვადასხვა ნიმუშებს. “რუსთავმა” თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 640 ქართული სიმღერისა და საგალობლის იშვიათი ვარიანტები, რომლებიც გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: 1901-30 წლების აღმოჩენილი ფონო ჩანაწერების საფუძველზე 2007 წელს ჩაწერილი “ქართული ხალხური სიმღერების” კომპაქტ დისკი, რომელშიც შედის კახური მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს უნიკალური ვერსიები.“რუსთავმა” არსებობის 40 წლის მანძილზე 4000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით მოიარა მსოფლიოს 
70-მდე ქვეყანა, სადაც მეტად პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციას უმართავდნენ, პრესა კი უმაღლეს შეფასებას აძლევდა “რუსთავის” გამოსვლებს, მის საშემსრულებლო ხელოვნებას. ანსამბლს ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ ადგილებში როგორებიცაა: როიალ ალბერტ ჰოლი, როიალ ფესტივალ ჰოლი (დიდი ბრიტანეთი), ოლიმპია, ზენიტი, მოგადორი (საფრანგეთი), ჰეროდეს ატიკუსი აკროპოლისი, ძველი ოლიმიური სტადიონი (საბერძნეთი), ეტოლე (მონაკო), ნაკ ოპერა, ნორს ბეი ართ ცენ
ტრი (კანადა), კარნეგი ჰოლი, ბიქონ თეატრი
, სივიკ ოპერა ჰაუსი (აშშ), ასპენდოს, ქონიაალთი (თურქეთი), კონცერტგებუვ ამსტერდამ, ფრიტს ფილიპს ეინთჰოვენი (ნიდერლანდები) ვინერ კონცერტჰაუსი (ავსტრია), როპონგი ჰილს გარდენ არენა (იაპონია), მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი (რუსეთი), ასევე ლათინური ამერიკის, სკანდინავიის, ყოფილი იუგოსლავისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა. “რუსთავის” შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის ისტორიაში. დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს. “რუსთავი” კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.