Monday, May 7, 2012

რუსთავი

რუსთავს" საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების მიერ. დაარსების შემდეგ ანსამბლი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: მონაწილეობს ფესტივალებში, იღებს და ახმოვანებს ტელე- და კინოფილმებს, აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ ამა თუ იმ კუთხის სასიმღერო ჟანრის სხვადასხვა ნიმუშებს. “რუსთავმა” თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 640 ქართული სიმღერისა და საგალობლის იშვიათი ვარიანტები, რომლებიც გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: 1901-30 წლების აღმოჩენილი ფონო ჩანაწერების საფუძველზე 2007 წელს ჩაწერილი “ქართული ხალხური სიმღერების” კომპაქტ დისკი, რომელშიც შედის კახური მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს უნიკალური ვერსიები.“რუსთავმა” არსებობის 40 წლის მანძილზე 4000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით მოიარა მსოფლიოს 
70-მდე ქვეყანა, სადაც მეტად პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციას უმართავდნენ, პრესა კი უმაღლეს შეფასებას აძლევდა “რუსთავის” გამოსვლებს, მის საშემსრულებლო ხელოვნებას. ანსამბლს ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ ადგილებში როგორებიცაა: როიალ ალბერტ ჰოლი, როიალ ფესტივალ ჰოლი (დიდი ბრიტანეთი), ოლიმპია, ზენიტი, მოგადორი (საფრანგეთი), ჰეროდეს ატიკუსი აკროპოლისი, ძველი ოლიმიური სტადიონი (საბერძნეთი), ეტოლე (მონაკო), ნაკ ოპერა, ნორს ბეი ართ ცენ
ტრი (კანადა), კარნეგი ჰოლი, ბიქონ თეატრი
, სივიკ ოპერა ჰაუსი (აშშ), ასპენდოს, ქონიაალთი (თურქეთი), კონცერტგებუვ ამსტერდამ, ფრიტს ფილიპს ეინთჰოვენი (ნიდერლანდები) ვინერ კონცერტჰაუსი (ავსტრია), როპონგი ჰილს გარდენ არენა (იაპონია), მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი (რუსეთი), ასევე ლათინური ამერიკის, სკანდინავიის, ყოფილი იუგოსლავისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა. “რუსთავის” შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის ისტორიაში. დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს. “რუსთავი” კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

No comments:

Post a Comment